ახალი კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის მიხედვით, COVID 19 საზღვარგარეთ საქართველოს 118 მოქალაქეს დაუდასტურდა, აქედან ვირუსული ინფექციით საზღვარგარეთ 16 პირი გარდაიცვალა (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1).

ამავე ანგარიშის მიხედვით, საზღვარგარეთიდან 22 მაისისთვის საქართველოში 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი.

დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე).

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 27 ქვეყნიდან 74 ავიარეისი შესრულდა, მათ შორის ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან და ა.შ.

"აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეც. რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება.

გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით.ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან", - წერია ანგარიშში.

კომენტარები