კორონავირუსი საქართველოში

თუ იურიდიული პირი დახურულ საჯარო სივრცეში პირს ნიღბის გარეშე შეუშვებს, 500 ლარით დაჯარიმდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, მას 500 ლარით დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ შენობაში ადამიანს პირბადის გარეშე შეუშვებს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თქვა. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ. 

"პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათავლისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმითვე, ღია სივრცეში პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღევისთვის მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მათ შორის, ღია სივრცეში თავშეყრის დროს უნდა დავიცვათ წესები. თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის, მძიმე ტვირთად დააწვეს ჯარიმა ჩვენს საზოგადოებას" - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმების დაწესების თაობაზე კანონპროექტის მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს 1 ივნისს დაავალა. მისი თქმით, ჯარიმები უნდა ყოფილიყო "გონივრული და რაციონალური".

პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეებში, ბანკებში, აფთიაქებში, მაღაზიებში და ასე შემდეგ. ასევე, ტრანსპორტში.

კომენტარები