არჩევნები 2020

ბოკერია არველაძეზე: მოხიბლული ვარ თავგანწირული ბრძოლისკენ მოწოდებით მათგან, ვინც აქ არ არის

ტაბულა

"ყოველთვის მოხიბლული ვარ თავგანწირული ბრძოლისკენ მოწოდებისგან იმ ხალხისგან, რომელიც აქ არ არის" - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის FB პოსტს.

"საქართველოშია თუ იცით? იქიდან მოგვიწოდებს დაუნდობელი ბრძოლისკენ, ჰო? კარგია... თუ აქ არის, იბრძვის და ვერ შევამჩნიე, ბოდიში, ჩემთვის უინტერესოა მისი ეს აბსურდული მოსაზრებები" - აღნიშნა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი არველაძემ 3 ივნისს Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ "ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება". მან, "როგორც ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ერთგულმა მხარდამჭერმა", მოუწოდა პარტიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა". მანვე მოუწოდა ენმ-ს, შეწყვიტოს "თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება". მისი თქმით, "არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად".

მას გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური, რომელმაც თქვა, რომ გიორგი არველაძეს პარტიაში არანაირ პოზიცია არ უკავია და მას ქართულ პოლიტიკაში გავლენა არ აქვს.

გიორგი არველაძე საქართველოში არ იმყოფება. მას Facebook-ზე საცხოვრებელ ადგილად დუბაი აქვს მითითებული.

კომენტარები