ევროპული საქართველო

კახიძე საკონსტიტუციოზე: სამომავლოდ ნარკოპოლიტიკაში მთელი რიგი საკითხებია გადასახედი

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოხმარებისთვის არასაკმარისი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისთვის პირს აღარ დააპატიმრებენ. 

კახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ლოგიკური და გონივრულია, ვინაიდან თუ არ არის მოხმარებისთვის საკმარისი რაოდენობა აღმოჩენილი, პირი არ უნდა დაისაჯოს. 

"სამწუხაროდ, პარლამენტს არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი მოწესრიგებულიყო და აღარ გამხდარიყო საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევა, როგორც ამ პარლამენტს, ისე წინას და იმის წინას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ რომ ეს ნაბიჯი გადადგა, კარგია", - ამბობს კახიძე. 

დეპუტატის განმარტებით, სამომავლოდ ნარკოპოლიტიკა გონივრული უნდა იყოს და მთელი რიგი საკითხებია გადასახედი. 

"დაწყებული ოდენობებით, გაგრძელებული სასჯელთა ჰარმონიზაციით და დამთავრებული გამიჯვნით სხვადასხვა ტიპის საშუალებების საშიშროებიდან გამომდინარე", - თქვა კახიძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 4 ივნისს გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ადამიანს მოხმარებისთვის არასაკმარისი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდება, ის პატიმრობით აღარ დაისჯება. თუმცა, სასამართლოს განმარტებით, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა გამოსადეგია თუ არა მოსახმარად, საერთო სასამართლოს მოსამართლემ უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალური შეფასების გზით. 

აქამდე, ნებისმიერი ოდენობის ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

კომენტარები