რელიგიური დევნა რუსეთში

ანექსირებულ ყირიმში იეჰოვას მოწმეს ექსტრემიზმის ბრალდებით 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

0 კომენტარი
არტიომ გერასიმოვი ფოტო: JW.org

5 ივნისს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იეჰოვას კიდევ ერთ მოწმეს, არტიომ გერასიმოვს, "ექსტრემისტული" ჯგუფის წევრობის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"ყირიმის უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას რელიგიური დევნა სისასტიკის ახალ საფეხურზე აჰყავს", - განაცხადა იეჰოვას მოწმეების სპიკერმა, იაროდ ლოპესმა.

მარტში გერასიმოვი "ექსტრემისტული" აქტივობების ორგანიზებისთვის გაასამართლეს და 400 000 რუბლით დააჯარიმეს.

რუსი მაღალჩინოსნები ათეულობით იეჰოვას მოწმეს დევნიან. ეს ანექსირებულ ყირიმში მეორე შემთხვევაა, როდესაც იეჰოვას მოწმეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გერასიმოვის მსგავსად, 5 მარტს ანექსირებულ ყირიმში იეჰოვას მოწმე, სერგეი ფილატოვი, 6 წლით დააპატიმრეს.

მისმა მხარდამჭერებმა თქვეს, რომ ფილატოვი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან, სადაც იეჰოვას მოწამეობა დასჯადი არ არის, ყირიმში, ჯანკოიში გადავიდა, რათა მისი ავადმყოფი ქალიშვილისთვის მოევლო. 

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა. 

მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ "ექსტრემისტული" ლიტერატურის გავრცელება.

ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 80 შემთხვევა აღირიცხა, როდესაც რელიგიური ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გასული წლის მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს. 

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული ჯგუფებიც იდევნებოდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები