ჩინეთი - ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთს ჰონგ-კონგის ახალ კანონპროექტებზე მხარდაჭერა გამოუცხადა

0 კომენტარი
სი ძინფინგი და კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი სონი ჩინეთის ელჩს, ლი ძინძუნს, შეხვდა და ჰონგ-კონგზე ჩინეთის მიერ მიღებულ ზომებზე მხარდაჭერა გამოხატა.

"ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის საშინაო საქმეა და საგარეო ჩარევა ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევს. ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის პარტიას, მთავრობას აქტიურად დაუჭერს მხარს, რათა ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას", - წერს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო, პროპაგანდული მედია მინისტრზე დაყრდნობით.

გასულ თვეს ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა, მოკავშირე ქვეყანას, ჩრდილოეთ კორეას, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. ამ დრომდე ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ კომუნისტურ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურებულა. თუმცა, ამის ნამდვილობა ეჭვქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება უკვე დააანონსა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები