20 ივნისი

გახარია: გავრილოვი სავარძელში დიდი შეცდომა იყო, მაგრამ 20 ივნისი - შტურმი პარლამენტზე

საქართველოს მთავრობა

"კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, ეს თავიდანვე ვთქვით, შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ ქვეყანაში ვინმეს მოუწოდოს კი არა, იოცნებოს გადატრიალებაზე" - ეს კომენტარი პრემიერმინისტრმა გახარიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ენმ-ის ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის FB-პოსტზე ჰკითხა. არველაძემ ენმ-ს მოუწოდა, შეწყვიტოს "თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, არველაძეს პარტიაში არანაირი პოსტი არ უკავია და "მის ამ ნააზრევს მოწყალების ფარდა ჩამოვაფაროთ".

"ბევრი არის რაღაც ილუზიებში, ზოგს ჰგონია, რომ რაღაც გადატრიალების მოწყობა... ერთ რამეს გეტყვით, ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხოსმგებლო, ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილის მომგვრელიც.

გავიგე, რომ ვიღაცებს უნდათ და ცდილობენ, რომ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე" - თქვა გახარიამ.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით - წყლის ჭავლით, რეზინის და ე.წ დათვის - წითელი რაკეტისებრი ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ ტყვიით თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

"გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით აქცია გაიმართება.

კომენტარები