სამების ტაძარი

სასულიერო პირი სამების გაზის დავალიანებაზე: ალბათ, ადამიანების გვერდში დგომით გადავიხდით

სამების მონასტრის ერთერთი სასულიერო პირი ტელეკომპანია პირველთან საუბარში ამბობს, რომ ეკლესიას გაზის დავალიანების გადახდა გაუჭირდება და ხალხის დახმარების იმედი აქვს.

"ვიხდიდით ეტაპობრივად, ასეც არ არის, რომ არ ვიხდიდით, მაგრამ დაგროვდა, სამება დიდი მასაა, თქვენ კარგად იცით და მითუმეტეს, 40 კაცი ვცხოვრობთ მონასტერში და არ არის ცოტა უბრალოდ ამ თანხის გადახდა.

კორონას ფონზე ყველამ ვიცით, რომ ყველას გაუჭირდა და მათ შორის ეკლესიასაც. ერთი კვირაა, რაც დავალიანების ფონზე გვაქვს ჩაჭრილი, მაგრამ მადლობა იმ გაზის კომპანიას, რომ აქამდე გვეხმარებოდნენ. რავი, ალბათ ადამიანების გვერდში დგომით გადავიხდით, “- ამბობს სამების მონასტრის ერთ-ერთი სასულიერო პირი.

სამების ტაძარს ბუნებრივი აირის მიწოდება, დავალიანების გამო, 23 აპრილიდან შეწყვეტილი აქვს. ბუნებრივი აირის გამანაწილებელმა კომპანიამ, თბილისი ენერჯიმ ტაბულას უთხრა, რომ კომპანიამ სამების ტაძარს ბოლო სამი წლის დავალიანება - 256 652 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილა, თუმცა, მათ არც ეს გადაიხადეს - ტაძარმა გადანაწილების ხელშეკრულება დაარღვია.

შესაბამისად, თბილისი ენერჯიმ 23 აპრილს სამებას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

"სამების ტაძარს, დღეის მდგომარეობით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება აქვს 256 652 ლარი.ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, დავალიანება გადაეხადათ ან გაენაწილებინათ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არც ერთხელ ყოფილა.

საბოლოო ჯამში, თებერვლის თვეში, ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ. ამის მიუხედავად, გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს.

ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება. რაც შეეხება სხვა ტაძრებს - მათ დიდ უმრავლესობას თბილისი ენერჯიმ 10 წელიწადზე უკვე გადაუნაწილა არსებული დავალიანებები", - აცხადებს კომპანია.

კომენტარები