გიორგი გახარია

გახარია "ქართულ-ჯიგრულ პონტზე": სინამდვილეში, საშვის დაშვებაზე ვთქვი

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მტკიცებით, "ქართულ-ჯიგრულ პონტში", რომელიც 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას კორუფციაზე საუბრისას ახსენა, საშვის დაშვებას გულისხმობდა.   

"ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში. ოპოზიციას და ოპონირებას პატივს ვცემ იმიტომ, რომ ეს არის განვითარების ერთადერთი გზა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პირველ რიგში, პროგრესის. "ჯიგრულ პონტში" გახარიამ კორუფციაზე თქვაო. სინამდვილეში, საშვის დაშვებაზე ვთქვი. 

ჩვენი ოპოზიცია, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე, ისეთი ანგელოზები არიან, ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, იქ რომ ისხდნენ და ამას გამოეკიდნენ, ხელზე დაიხვიეს და ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ "ჯიგრულ პონტში" აეღოთ ნებართვა და ქალაქში, კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ", - ამბობს გიორგი გახარია.  

მისივე თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხლაძე დაჯარიმდა, რადგან "ჯიგრულ პონტში მე არ ვუშვებ საშვებს და ჩემთვის მსგავსი ქმედებები არის უკიდურესად ამორალური." 

27 მაისს პრემიერმინისტრ გახარიას ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ პანდემიის დროს მთავრობის მიერ კომპანიებთან სელექციურ მიდგომაზე დაუსვა კითხვა. კაპანაძემ გიორგი გახარიას ჰკითხა, იყო თუ არა ამაში კორუფციული ინტერესი. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის თავდაპირველ ჩამონათვალში ვერ შევიდნენ კონკრეტული კომპანიები - მაგალითად, სუფთა სახლი, მაშინ როცა, ამ კომპანიის კონკურენტებს მუშაობის უფლება ჰქონდათ. დეპუტატის თქმით, კომპანიების ნაწილი დაზარალდა, რადგან მთავრობას სელექციური მიდგომა ჰქონდა. სერგი კაპანაძემ მაგალითად მოიყვანა მარნეულიდან აგრარული პროდუქტების გატანაზე ერთი კომპანიისთვის ექსკლუზივის მიცემა. 

"რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" - უპასუხა გახარიამ. 

გიგა ბოკერიას რეპლიკაზე, რომელიც "ქართულ-ჯიგრულ პონტს" ეხებოდა, პრემიერმა თქვა - "ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?"

კომენტარები