არჩევნები 2020

ბოკერია: დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ვიქნები

"დიდი ალბათობით" - ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ რუსთავი ორის "ღამის კურიერის" წამყვანს კითხვაზე, იქნება თუ არა მაჟორიტარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

კითხვაზე, "თბილისში იყრის კენჭს?", გიგა ბოკერია ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს.

"ოლქიც ხომ არ გითხრათ ჩუმად?" - მიმართა დეპუტატმა ირაკლი იმნაიშვილს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას სურს, რომ საკვანძო ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ. ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გიორგი ვაშაძის ახალმა საქართველომ, რესპუბლიკურმა პარტიამ და გირჩმა ამისთვის მზაობა გამოხატეს. რაც შეეხება ლელოს, პარტიას სურს, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატით წარდგნენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ურთიერთსარგებლობიდან გამომდინარე.

ამ დროისთვის მხოლოდ ორი ოლქის შესახებ არის ცნობილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ სამგორის და გლდანის რაიონებში დააყენებს თავის კანდიდატს. ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ 5 ივნისს თქვა, რომ "ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა, რომ ყველაზე გვიან 20 ივნისს, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იხილოს და იცოდეს, ვინ იქნებიან თბილისში შეჯერებული კანდიდატები".

საერთო კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში - რა პოზიციები აქვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

კომენტარები