ჯოჯრ ფლოიდი

"თვალყურს ვადევნებთ ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს", - აშშ-ის საელჩო ფლოიდის მკვლელობაზე

Shutterstock

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილისა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ისე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო, თვალყურს ადევნებს ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს.

"ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში, შეგვახსენებს,რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად, რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობასა და სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ცხადია შორსაა სრულყოფისგან", - წერია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო წერს, რომ ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი არის კიდევ ერთი სულის შემძვრელი შეხსენება ამერიკაში მიმდინარე მუდმივი ბრძოლის, იდეალების სრულად დასაცავად.

"ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: სიტყვის, პრესისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება აქცევს ამერიკას ღია ქვეყნად, რომელიც ესწრაფვის თავისუფლებასა და სამართლიანობას ყველასათვის და უარყოფს ძალადობას, რომელიც არავის და არანაირ ღირებულ მიზანს არ ემსახურება. ჩვენ ვისწრაფვით ამ იდეალების გათავისებისკენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რადგანაც ეს იდეალები ძლიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია", - წერია განცხადებაში.

საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფუნდამენტური ღირებულებების განმტკიცება არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულად მივაღწევთ თანასწორობას და შევებრძოლებით დისკრიმინაციასა და უსამართლობას

"ჩვენ არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა, რადგან გვჯერა, რომ გულწრფელი საჯარო დისკუსია დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი და უფრო ძლიერი. ჩვენ გვამხნევებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა", - წელს საელჩო.

მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელ კაცს, ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. 

სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ჯორჯ ფლოიდის დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ჩანს, როგორ წევს ის მიწაზე, პოლიციელი კი ყელზე მუხლით აწვება. ფლოიდი იმეორებდა, რომ ვერ სუნთქავდა. 

ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, ვინც ფლოიდს ყელზე მუხლით აწვებოდა მეორე ხარისხის მკვლელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. 

ბრალი წარუდგინეს ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 ყოფილ პოლიციელსაც. მათ მეორე ხარისხის მკვლელობის წაქეზებას და ხელშეწყობას ედავებიან.

კაცის გარდაცვალებას აშშ-ში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოგვიანებით კი არეულობაში გადაიზარდა. აქციები დღემდე გრძელდება. 15 შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული, 40-მდე ქალაქში კი კომენდანტის საათია გამოცხადებული, რომლის გახანგრძლივებაც 8 ივნისამდე სურთ.

რა მოხდა მინეაპოლისში ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები