მადაგასკარი

მადაგასკარში მინისტრი $2 მილიონის ლოლიპოპის შეკვეთას აპირებდა, რის გამოც გაათავისუფლეს

ლოლიპოპის კამფეტები.
mewallpaper

მადაგასკარის განათლების მინისტრი, რიჯასოა ანდრიამანანა, სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლოლიპოპის შეკვეთა გადაწყვიტა.

მინისტრი აპირებდა, რომ თითო მოსწავლისთვის სამი ლოლოპოპი მიეცა, რათა როგორც თავად აცხადებს, კამფეტები კორონავირუსის სამკურნალო მცენარეული წამლისგან დატოვებული მწარე გემოს შემდეგ მიეყოლებინათ.

ქვეყნის პრეზიდენტის, ანდრი რაჯოელიას, წინააღმდეგობის შემდეგ გეგმა გააუქმეს. 

მცენარეულ სასმელს ე.წ. Covid-ორგანულს, პრეზიდენტიც რეკლამას უწევს, როგორც კორონავირუსის წამალს.

რამდენიმე აფრიკული ქვეყანა ამ სასმელის იმპორტს ახორციელებს, რადგან სჯერათ, რომ ვირუსის შეკავებაში დაეხმარებათ. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არაერთხელ უთქვამს, რომ ახალი კორონავირუსის სამკურნალო დამტკიცებული წამალი, ამჟამად, არ არსებობს.

მადაგასკარის ეროვნული მედიცინის აკადემია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მცენარე არტემიზიის გამოყენებით შექმნილ სასმელს. მეტიც, მათივე განცხადებით, სასმელს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების პოტენციალი აქვს.

პრეზიდენტი დაუმტკიცებელ "წამალზე" კრიტიკას უარყოფს. კრიტიკას ის დასავლეთის მიერ აფრიკის მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულების დასტურად აღიქვამს.

"ევროპულ ქვეყანას რომ აღმოეჩინა ეს წამალი, ამდენი ეჭვი იქნებოდა?! არამგონია," - დასძინა მან.

მადაგასკარში ახალი კორონავირუსის, დაახლოებით, 1 000 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. ახალი ვირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო ვითარება შემოიღეს.

კომენტარები