საფრანგეთი - ჩინეთი

საფრანგეთი პეკინისადმი ჰონგ-კონგში "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მხარდაჭერას აგრძელებს

ემანუელ მაკრონი და სი ძინფინგი
Asia Times

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მის ჩინელ კოლეგას, სი ძინფინგს, განუცხადა, რომ საფრანგეთი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება და პეკნისადმი ჰონგ-კონგში "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მოდელის მხარდაჭერას განაგრძობს.

ჩინეთი ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონპროექტებით ჰონგ-კონგის ავტონომიას, ფაქტობრივად, ასრულებს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ახალ კორონავირუსთან გამკლავებაში თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრეს. მაკრონმა ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის არსებით როლსაც გაუსვა ხაზი. 

მაკრონსა და სი ძინფინგს შორის სატელეფონო საუბარი საათნახევარს გაგრძელდა. 

გასულ კვირას ევროკავშირის არაერთმა წარმომადგენელმა ჰონგ-კონგში პეკინის ქმედებებზე შეშფოთება გამოხატა.

ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას:

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჰონგ-კონგის მაღალი ხარისხის ავტონომიის შენარჩუნებას საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში", - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ჰონგ-კონგის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა.

აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, "ჩინეთმა თავისი დაპირება 'ერთი ქვეყანა, ორი სისტემის' შესახებ შეცვალა 'ერთი ქვეყანა, ერთი სისტემით'".

ამასთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აამოქმედებს, გაერთიანებული სამეფო მზადაა, ჰონგ-კონგელების სასარგებლოდ ქვეყნის ემიგრაციის წესები შეცვალოს. ჯონსონი ჩინეთის ნაბიჯს ერთობლივი დეკლარაციის ვალდებულებების შეუსრულებლობლად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ტაივანმა ჰონგ-კონგელებს, რომლებიც პოლიტიკურ მიზეზთა გამო ტაივანში წავლენ, დახმარება აღუთქვა, რაც ტაივანში ცხოვრებას და დასაქმებასაც მოიცავს.

რაც შეეხება, ჯანმო-ს, 29 მაისს აშშ-მა ორგანიზაციასთან ურთიერთობის შეწყვეტა დააანონსა. მანამდე, აშშ-მა ჯანმო-ს დაფინანსება შეუჩერა.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისივე თქმით, ორგანიზაციის მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა.

როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად? - ვრცლად წაიკითხეთ აქ.

-----------------

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

კომენტარები