აშშ - გერმანია

აშშ-ის მედია: ტრამპი გერმანიიდან აშშ-ის 9 500 ჯარისკაცის გაყვანას აპირებს

დონალდ ტრამპი
Getty Images

5 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პენტაგონს უბრძანა, რომ გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცი გამოიყვანონ.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია WSJ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ანონიმურად ავრცელებს. 

მედია, ასევე წერს, რომ გეგმის შესაძლო ამოქმედებამდე, ის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ამ ნაბიჯით, გერმანიაში ამჟამად მყოფი 34 000 ამერიკელ ჯარისკაცთა რიცხვი 25 000-მდე შემცირდება.

ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ამერიკის წამყვანი სამხედრო ოფიცრის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის, თვეების განმავლობაში მუშაობის შედეგია და ამას ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, შორის არსებულ დაძაბულობასთან საერთო არაფერი აქვს.

ადმინისტრაციიდან მეორე ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ 9 500 ჯარისკაცს სხვა ადგილას გადაიყვანენ - ზოგს პოლონეთში, ნაწილს სხვა მოკავშირე ქვეყნებში და ზოგი კი - სახლში დაბრუნდება. 

მისივე თქმით, აშშ-ის ლიდერობით NATO-ს სამხედრო ალიანსის ჯამური გაზრდილი თავდაცვის ხარჯების გამო, გერმანიაში ფართო კონტიგენტის ნაკლები საჭიროებაა.

მეორე მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ამ გეგმაზე მუშაობა სექტემბერში დაიწყო. 

თეთრ სახლში არაფერს აანონსებენ, თუმცა თქვეს, რომ ტრამპი შეერთებული შტატების სამხედრო ძალებისთვის საუკეთესო მდგომარეობას მუდმივად ხელახლა აფასებს.

თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ ულიოტმა, აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მზად არის გერმანიასთან ერთად თავდაცვასა და სხვა საკითხებზე იმუშაოს.

ამ დროისთვის გერმანია ევროპაში ყველაზე მეტ ამერიკელ სამხედროს სტუმრობს. მას მოსდევს იტალია, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი.

ცნობებს უკვე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი მეტუშ მორავიეცკი. ის იმედოვნებს, რომ ზოგ ამერიკელ ჯარისკაცს პოლონეთში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი NATO-სთვის დაფინანსების შემცირებას აპირებს. ის სხვა წევრ ქვეყნებს კონტრიბუციის გაზრდისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი გერმანიას და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რათა მათ თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს მიერ განსაზღვრულ 2%-მდე გაზარდონ. 

2019 წლის ნოემბერში გერმანიის თავდაცვის მინსტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ 2031 წლამდე გერმანია NATO-ში სამიზნე 2%-იან კონტრიბუციას მიაღწევს:

"2024 წლამდე ჩვენ უნდა დავხარჯოთ [მშპ-ის] 1.5% და საბოლოოდ, 2031 წლამდე 2%". 

ამჟამად NATO-ს წევრი მხოლოდ 7 ქვეყანა აკმაყოფილებს თავდაცვაზე სამიზნე მინიმალურ 2%-იან კონტრიბუციას. ეს ქვეყნებია აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ჯამში, ყველა ევროპული ქვეყანა ალიანსში თავდაცვაზე 1.51%-ს ხარჯავს.

გერმანიას ევროპაში და NATO-ში აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკა აქვს. გერმანია ამჟამად NATO-ში მშპ-ის 1.23%-ს ხარჯავს, რაც, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარია.

2018 წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც თავიანთი თავდაცვისთვის NATO-ში საკმარის თანხას არ ხარჯავდნენ:

"გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის, უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს".

ამას გარდა, მან განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული და გერმანია რუსეთის მძევალია. 

"რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ," - მიმართა ტრამპა სტოლტენბერგს.

გუშინ, 5 ივნისს სენატში რუსული გაზსადენის Nord Stream-ისთვის სანქცების ახალი პროექტი დაარეგისტრირეს.

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპს და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება.

კომენტარები