Banksy

"ფერადკანიანებს სისტემამ უღალატა" - Banksy-ს ახალი ნახატი ჯორჯ ფლოიდზე

Banksy

Banksy-მ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ნახატი შექმნა. 

ნახატზე ჩანს, რომ შავკანიანი ადამიანის ფოტოსთან სანთელია დანთებული, რომელიც კედელზე ჩამოკიდებულ აშშ-ის დროშას წვავს.  

"თავიდან ვფიქრობდი, რომ უნდა გავჩუმებულიყავი და ამ საკითხთან დაკავშირებით შავკანიანი ადამიანებისთვის მომესმინა.  

თუმცა, რატომ უნდა გავაკეთო ეს? ეს მათი პრობლემა არ არის, ჩემი პრობლემაა. 

ფერადკანიანებს სისტემამ უღალატა - თეთრმა სისტემამ. როგორც გაფუჭებული მილი ტბორავს იმ ადამიანების სახლს, ვინც ქვემოთ ცხოვრობენ. გაუმართავი სისტემა მათ ცხოვრებას ტანჯვად აქცევს, მაგრამ ამის მოგვარება მათი პრობლემა არ არის. მათ არ შეუძლიათ - ამ სახლში მათ ზემოთ სართულზე არავინ აუშვებს. 

ეს თეთრკანიანების პრობლემაა და თუ თეთრკანიანები არ მოაგვარებენ მას, ვიღაცას მოუწევს, მაღლა ავიდეს და კარი შეამტვრიოს", - წერს Banksy.   

საპროტესტო აქციები აშშ-ში 25 მაისიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი კაცი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა დაკავებისას მოკლა - ფლოიდს, რომელიც მიწაზე იწვა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, პოლიციელი მუხლით ყელზე აწვებოდა.  

საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის 15 შტატსა და დედაქალაქ ვაშნგტონში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული, დაწესდა კომენდანტის საათი. მომიტინგეთა ნაწილმა მაღაზიები დაარბია და გაძარცვა. მათ დააზიანეს კერძო საკუთრება, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობას. 31 მაისისთვის ქალაქში კერძო ბიზნესის 270-მდე შენობა დარბეული ან სრულად განადგურებული იყო.  

ვრცლად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ - წაიკითხეთ აქ.  

Banksy-ს სხვა ნამუშევრები - ნახეთ აქ.

კომენტარები