აშშ-ირანი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მზად ვართ აშშ-სთან პატიმრების გაცვლა გავაგრძელოთ

აბას მოუსავი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აბას მოუსავიმ, ქვეყნის სახელმწიფო მედიასთან საუბარში თქვა, რომ ირანი მზადაა აშშ-სთან პატიმრების გაცვლა გააგრძელოს.

"თუ პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა არსებობს, ჩვენ მზად ვართ, გავათავისუფლოთ აშშ-ში დაკავებული სხვა პირები და ისინი სამშობლოში დავაბრუნოთ", - თქვა მან.

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აშშ-მა ირანში ჩასვლის უფლება მისცა ირანელ-ამერიკელ ექიმს, მაჯიდ ტაჰერის. პასუხად ირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი მაიკლ ვაითი გაათავისუფლა, რომელიც 2018 წლიდან ჰყავდათ დაკავებული. შეთანხმებას წინ უძღოდა ირანელი პროფესორის, სირუს ასგარის, დეპორტაცია, რომელსაც აშშ-ში სავაჭრო საიდუმლოების მოპარვის გამო ასამართლებდნენ.

ირანში კორონავირუსის გამო 100 000-მდე პატიმარი ციხიდან დროებით გამოუშვეს. მათი ნაწილი, მათ შორის პოლიტპატიმრები, რომელთაც 5 წელზე ნაკლები ჰქონდა მისჯილი შეიწყალეს.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბოლო წლებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ასევე უცხოელები, მათ შორის ამერიკის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვედეთის, ნიდერლანდების და ლიბანის მოქალაქეები დააკავა. თეირანი უარყოფს რომ ადამიანებს პოლიტიკური მოტივების გამო აკავებს და უცხოელ პატიმრებს ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

უცნობია ზუსტად რამდენი ამერიკელი ჰყავს ამჟამად ირანს დაკავებული, თუმცა მათ სიაში არიან ბაქერ და სიამაკ ნამაზები, მურად ტაჰბაზი და შესაძლოა მათ შორის იყო 2007 წელს გაუჩინარებული FBI-ს აგენტი რობერტ ლევინსონი.

კომენტარები