დედოფლისწყარო

მედია: დედოფლისწყაროს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა 2 კაცი ცივი იარაღით დაჭრა

მედიის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ჭინჭარაულმა 2 კაცი ცივი იარაღით დაჭრა. 

როგორც რეგინფოს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა უთხრა, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სოფელ გამარჯვებაში, სოფლის ზეიმზე, გვიან ღამით მოხდა. 

"ამ ადამიანს 2012 წლიდან ვიცნობ როგორც უახლოეს მეგობარს. არ სვამს. იმ ადამიანებმა, რომლებიც ასევე ჭინჭარაულები არიან, აიძულეს და გამოიყვანეს წყობიდან. მომხდარს პარტიული საფუძველი არ აქვს. სოფლის დღეობა იყო და ეტყობა, რომ დათვრნენ, შემდეგ მოუხდათ შელაპარაკება", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. 

IPN-ის ინფორმაციით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და კაცები ცივი იარაღით მოიგერია.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, პაციენტების სასიცოცხლო ორგანოებია დაზიანებული და ერთერთი დაჭრილი თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია შსს-მაც გაავრცელა. უწყების ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დაკავებული კი დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები