შეზღუდვების მოხსნა

იმნაძე ხსნის, რატომაა კვლავ დახურული ღია აუზები, მაშინ როცა სასტუმროს აუზები გაიხსნა

საქართველოს მთავრობა

"ყველაფერი გაიხსნება, ოღონდ თავის დროზე", - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, თუ რატომ მიეცათ სასტუმროებს აუზების გახსნის საშუალება, სხვა ღია აუზები კი ისევ დახურულია. იმნაძე ამბობს, რომ სასტუმროებში არის ფიქსირებული სტუმრები და მხოლოდ სტუმრებისთვის არის ნებადართული და არა გარედან შესული ადამიანებისათვის.

"ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, უნდა იყოს დაცული რაღაც რიგითობა. ისედაც საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნეს სექტორის აქტივობების გახსნა. რა თქმა უნდა, გაიხსნება სხვა აუზებიც, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული წესები, განსხვავებული, იმიტომ რომ სასტუმროში არის ადამიანების ფიქსირებული რაოდენობა, ვინც არიან ამ სასტუმროს დამსვენებლები, ღია აუზზე ადამიანები შედიან ქუჩიდანაც, ამიტომ ეს დასარეგულირებელი იქნება", - ამბობს იმნაძე. 

დღეიდან, 8 ივნისიდან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვები იხსნება. მუშაობას შეძლებენ დახურული რესტორნები და სასტუმროები. 

გარდა ამისა, 8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო მგზავრობა, თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ ეხება მატარებლებს. იმუშავებენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. 

საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შეზღუდვები საგანგებოს გაუქმების შემდეგაც დარჩა.

8 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 683, გარდაიცვალა - 13.

კომენტარები