არჩევნები 2020

ბაქრაძე საერთო კანდიდატებზე: მიმდინარეობს კონსულტაცია, როგორ უზრუნველვყოთ მრავალფეროვნება

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის, თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მიერ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კვლავ მიმდინარეობს კონსულტაციები. 

ბაქრაძის განმარტებით, ამ კონსულტაციებს ორი ამოსავალი წერტილი აქვს. ერთი, თბილისში კანდიდატებად უნდა წარადგინონ ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკურად შეებრძოლონ და დაამარცხონ ქართული ოცნება და მეორე, ამომრჩეველს შესთავაზონ მრავალფეროვნება.

ბაქრაძის განმარტებით, მრავალფეროვნებით გამოჩნდება, რომ თბილისში მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანია. 

"მიმდინარეობს კონსულტაცია სწორედ ამაზე, როგორ უზრუნველვყოთ მეტი მრავალფეროვნება ამომრჩევლისთვის და ამ შემთხვევაში, მრავალფეროვანი არჩევანი ნიშნავს ძლიერ არჩევანს და იმის ჩვენებას, რომ მთელი ოპოზიცია ერთად დგას. და როგორც უზრუნველვყოთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც კანდიდატებად დადგებიან, იქნებიან საკმარისი კალიბრის პოლიტიკური ლიდერები, რათა დაამარცხონ ქართული ოცნება", - თქვა ბაქრაძემ. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად კონკრეტული ვერ იქნება, თუმცა მისივე თქმით, კონსულტაციების დროს იმის პრობლემა არ დგას, რომ რომელიმე პარტია იმაზე მეტ კანდიდატს ითხოვდეს, ვიდრე სხვა პარტიები მოიაზრებენ მისთვის. 

"ადგილების პრობლემა არ არის", - ამბობს დავით ბაქრაძე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას სურს, რომ საკვანძო ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ. ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გიორგი ვაშაძის ახალმა საქართველომ, რესპუბლიკურმა პარტიამ და გირჩმა ამისთვის მზაობა გამოხატეს. რაც შეეხება ლელოს, პარტიას სურს, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატით წარდგნენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ურთიერთსარგებლობიდან გამომდინარე. 

კომენტარები