8 მარტის შეთანხმება

ოპოზიცია: 8 მარტის შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროშია გიორგი რურუა

ოპოზიციური პარტიები გიორგი რურუასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეასრულოს 8 მარტს აღებული ვალდებულებები. 15 პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ნაკლებად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში და განამტკიცებს დემოკრატიულ სისტემას. 

"8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად. ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო წარმომადგენლობა აქვთ, კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა. 

ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამართლებრივი ფიასკოს ფონზე მიმდინარე მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც ხელისუფლებისგან მართულმა მედიამ უკანასკნელ დღებში წარმოიწყო. 

აშკარაა, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციის მცდელობას. ეს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის შეთანხმების საფუძველზე შემდგარ პოლიტიკურ კონსესუსს.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, შეასრულოს 8 მარტს აღებული ვალდებულებები, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ნაკლებლად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში და განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან გირჩი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ახალი საქართველო, რესპუბლიკური პარტია, ლელო, ლეიბორისტული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი საქართველო, გამარჯვებული საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ქრისტიან-კონსერვატული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გამოშვება და არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა 120/30-ზე პრინციპით. თუმცა, ქართული ოცნება შეთანხმების იმ ნაწილს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, საჯაროდ არ აღიარებს, მეტიც - უარყოფს.

იმას, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, ადასტურებს დასავლელი პარტნიორებისა და პოლიტიკური დიალოგის შუამავალი დიპლომატების განცხადებებიც.

"შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ შუამავალი ელჩები საერთო განცხადებაში.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, 15 მაისს შეიწყალა. ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ელიან. 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და ის პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები