კორონავირუსი საქართველოში

ოხანაშვილი: ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია პირბადის ტარება, არ დაჯარიმდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის, თქმით, თუკი ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია, შესაძლოა, არ დაჯარიმდეს. ამის შესახებ ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა.

"ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს პირბადის ტარება, ან პირბადის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, თუ ჯანმრთელობის სხვა რაიმე გართულებები, აქ სამართალი ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ასეთი პირი არ დაჯარიმდეს. ამისათვის შესაბამისი წესები და რეკომენდაციები, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შემუშავდება", - ამბობს ოხანაშვილი. 

ოხანაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს პირბადის ტარება დაავადების ან რაიმე სხვა პრობლემის გამო არ შეუძლია, საკითხი რეკომენდაციებში უნდა გაიწეროს და თუ შესაძლებელი იქნება შესაბამისი ცნობა გაიცეს.

მისივე თქმით, 500 ლარით დააჯარიმებენ იურიდიულ პირს, რომელიც შენობაში პირს ნიღბის გარეშე შეუშვებს.

"ესეც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იქ, სადაც სერვისის მიღება ხდება, ეს იქნება - ბანკები, სავაჭრო ქსელები, თუ სხვა და ეს არის საჯარო დახურული სივრცე, მოქალაქეები ვალდებულები არიან, ატარონ პირბადე", - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში ყოფნა 50-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, დღეს, 8 ივნისს, ბიუროს სხდომაზე თქვა.

კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში ყოფნისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება, მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით განიხილავენ. 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეტალურად გაიწერება ადგილები, სადაც მოქალაქეებს პირბადის გარეშე ყოფნა არ შეეძლება.

კომენტარები