თურნავა: როდესაც ქვეყანას გაუჭირდა, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განახლებულ ბიუჯეტზე ისაუბრა, რომელიც დღეს წარადგინა ფინანსთა სამინისტრომ.

"ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც სწრაფად და ოპერატიულად შემუშავდა, სრულადაა მორგებული ჩვენს ანტიკრიზისულ საჭიროებებს", - ამბობს ნათია თურნავა.

მისი თქმით, "ეკონომია არის უდიდესი - საუბარია 600 მლნ ლარზე და მეტზე".

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, თანხა საჯარო სექტორმა შრომის ანაზღაურების მუხლში დაიკლო.

"რაც სავსებით ადეკვატურია, რადგან როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები", - აცხადებს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამისდა მიუხედავად, "ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი ასეთი გლობალური გამოწვევის დასაძლევად", რისთვისაც საერთაშორისო დონორების დახმარების მობილიზება გახდა საჭირო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, ბიუჯეტის პრეზენტაციისას დაასახელა ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეუმცირდათ ხარჯები. ასეთი, მისი თქმით, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის სამინისტროა, რადგანაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შემცირდა ხარჯვა. 127 მილიონით შეუმცირდა ხარჯები განათლების სამინისტროს, რასაც კულტურისა და სპორტის ხარჯვები მოსდევს. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი 75 მილიონით შემცირდა.

კომენტარები