ევროპული საქართველო

კაპანაძე ვოლსკიზე: ნათელია, რა იქნება მათი წინასაარჩევნო პროპაგანდა - საუბარი აჯანყებაზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის, განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია "სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავს". 

კაპანაძის თქმით, სრულიად ნათელია, რა იქნება ქართული ოცნების პროპაგანდა წინასაარჩევნოდ - ისევ საუბარი აჯანყებაზე, ამბოხებაზე, ხელისუფლების დამხობაზე. 

"ამ დროს ჩვენი ამოცანა რაცაა, ყველამ კარგად იცის. ეს არის მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა და რაც არ უნდა ისაუბროს ამაზე ვოლსკიმ, ღარიბაშვილმა და ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა, ვერანაირ მიზანს ამით ვერ მიაღწევენ", - ამბობს კაპანაძე. 

დეპუტატის თქმით, ქართულ ოცნებას 20 ივნისის სახით დიდი ლაქა აქვს, რადგან მათ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი დაღვარეს. 

"ახალგაზრდები დააბრმავეს და ეს არის ტვირთი, რომელიც უნდა ზიდონ და ამის გამო, მათ შორის, მოუწევთ პასუხისგება ოქტომბრის არჩევნებზე", - თქვა კაპანაძემ. 

20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიას მიერ აქცია გაიმართება. 

ამ საკითხზე საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ, თქვა, რომ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია აღიქმება, როგორც "სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება". ვოლსკიმ ისიც თქვა, რომ შესაძლოა, რთული სიტუაცია შეიქმნას აქციაზე, თუმცა იმედს იტოვებს, რომ სამართალდამცველები "თავის სიმაღლეზე" იქნებიან. 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით - წყლის ჭავლით, რეზინის და ე.წ დათვის - წითელი რაკეტისებრი ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ ტყვიით თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები