ბიუჯეტის პროექტი

რატიანი ბიუჯეტზე: ხელისუფლებას ხალხის დახმარების და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ აქვს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, სერგო რატიანის თქმით, პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვესაც კი, ხელისუფლებას არ აქვს ხალხის დახმარებისა და კრიზისიდან გამოსვლის არანაირი სერიოზული გეგმა. რატიანი ბიუჯეტის, მთავრობის მიერ წარდგენილ, პროექტს აფასებს.

"არანაირი გეგმა არ არსებობს. რაზეც საუბრობენ იმის მეათედიც კი არ არის ჩადებული წარმოდგენილ ბიუჯეტში. რა დახმარებაზეც შეიძლება იყოს საუბარი, ის არის დაგვიანებული და არასაკმარისი და არ არსებობს გეგმა კრიზისიდან გამოსვლის და ერთადერთი, რაც უშველის ამ ქვეყანას, ეს არის გადასახადების დაწევა," - ამბობს რატიანი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ხარჯვით ნაწილში პირველადი მიმდინარე ხარჯები 199.6 მილიონი ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები 347.5 მილიონი ლარით მცირდება.

ხარჯების შემცირება ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროზე აისახება, რომელსაც 251 მილიონ ლარზე მეტი აკლდება. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯები კი 127 მილიონით შემცირდება.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით შეუმცირდება, თბილისის მერიის კაპიტალური პროექტებისთვის განკუთვნილი ტრანსფერი კი 35 მილიონი ლარით ნაკლები იქნება.

გარდა ამისა, განახლებული ბიუჯეტის პროექტით გათვალისინებულია მთავრობის შრომის ანაზღაურების 57 მილიონი ლარით შემცირება. მთავრობის წევრების თქმით, მცირდება სამივლინებო ხარჯებიც.

ამისდა მიუხედავად, ძირითადად სახელმწიფო ვალის ზრდის შედეგად, მთავრობის ხარჯები 2020 წლისთვის 1 მილიარდ 872 მილიონი ლარით გაიზრდება. კაპიტალური ხარჯები 123.8 მილიონი ლარით გაიზრდება, ხოლო ვალების მომსახურება და დაფარვა 42 მილიონით.

კომენტარები