ეკონომიკა

პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 2009 წლის დონემდე დაეცა

ბიზნესგარემო და ინვესტიციები ქართულ ბაზარზე
SalFalko / Meritus Media

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით კლებამ 41% შეადგინა. შედარებისთვის, 2009 წლის პირველ კვარტალში 114 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა ამ თანხის თანაფარდობა ქვეყნის იმდროინდელ მშპ-სთან უფრო მაღალი იყო, ვიდრე მიმდინარე 165 მილიონის.

ვარდნა კიდევ უფრო დრამატულია ბოლო წლების კონტექსტში - 2017 წლიდან მოყოლებული ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში დრამატულად შემცირდა. 

შედარებისთვის 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა 35%-ით შემცირდა. რაც შეეხება 2019 წელს მოცულობა თითქმის იგივე დონეზე შენარჩუნდა და ზრდამ 0,2% შეადგინა. 

ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2015 წელი — $1,729 მილიარდი;
  • 2016 წელი — $1,650 მილიარდი;
  • 2017 წელი — $1,962 მილიარდი; 
  • 2018 წელი — $1,265 მილიარდი;
  • 2019 წელი — $1,267 მილიარდი;

საქსტატის თანახმად, შემცირების ძირითად მიზეზები არის "მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში".

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფო იყო, რომელზეც ინვესტიციათა 44.2% მოდის. მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია ჯამური ინვესტიციების 17%-ით. მესამე ადგილზე პანამაა 11.9%-ით, რომელიც ეროვნული ბანკის თანახმად ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაშია.

კომენტარები