ტურიზმი

პრემიერი ტურიზმზე: რამდენიმე ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდა და გვითხრეს - დაველოდოთ ცოტა ხანს

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, რამდენიმე ქვეყანამ, რომელთანაც საქართველო ტურიზმის გახსნის თვალსაზრისით მოლაპარაკებებს აწარმოებდა, "გვითხრეს, აბა, ცოტა ხანი დაველოდოთ". მისი თქმით, მიზეზი ამ ქვეყნებში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

"როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან. რამდენიმე ქვეყანაში, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. ჩვენმა კოლეგებმა თვითონ, ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ - აბა, იქნებ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ, ციფრები როგორი იქნება”,- აცხადებს გახარია და ირწმუნება, რომ "ტურიზმის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენი ბევრი ვიმუშავეთ" და "საქართველო ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის მართვის თვალსაზრისით ერთერთი გამორჩეული ქვეყანაა".

პრემიერს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები, თუმცა, ცნობილია, რომ მთავრობას მოლაპარაკებები ისრაელთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან, უნგრეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და გერმანიასთან ჰქონდა. ამ ქვეყნებიდან შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში მხოლოდ ისრაელში გაიზარდა. ევროპის ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში კი, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს. საქართველოში შემოსვლის მსურველს ბოლო 72 საათში გაკეთებული უნდა ჰქონდეს კორონავირუსზე PCR ტესტი.

კომენტარები