მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: რელიგიას, შესაძლოა, როლი ჰქონდეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თავს არავის ვახვევ

მთავარი არხი

American Interest-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა, დამირ მარუსიჩმა, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოდკასტ-პროექტის Wisdom of Crowd ფარგლებში ინტერვიუ ჩაწერა. 

სხვა საკითხებთან ერთად, მარუსიჩმა სააკაშვილს რელიგიის შესახებაც დაუსვა კითხვა, კერძოდ, რა როლი აქვს რელიგიას მის ცხოვრებაში და რა გავლენა აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყანაში.

სააკაშვილის თქმით, რელიგია მისთვის პირადი საკითხია და თავისი აზრის მოხვევას არავისზე ცდილობს. 

"რელიგია, შესაძლოა, თამაშობდეს როლს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცხადია, ამას არავის მოვახვევ თავს. კვლავ ვუბრუნდებით ადამიანების ბაზისური ინსტინქტების საკითხს. ეს ადამიანის არჩევანია. არ შეიძლება, ადამიანის არჩევანს თავს მოახვიო ისეთ რამ, რაც მის ძირითად ინსინქტებს ეწინააღმდეგება, და ეს არის მათი ინსტინქტი, რაც არის ძალიან პერსონალური და პირადი. საქართველოში, რა თქმა უნდა, რელიგია ისტორიულად არის გადაჭვული ქვეყნის იდენტობასთან, რადგან ეს პატარა ქვეყანა ხშირად იმართებოდა დამპყრობლების მიერ და ხშირ შემთხვევაში, ერთერთი ბოლო რამ იყო რელიგია, რაც ქვეყნის მოსახლეობას აერთიანებდა.

თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც უყურებ ამ ახალგაზრდა ადამიანებს, ისინი ძალიან განსხვავებულები, გაცილებით ღია არიან. ისინი ისეთი კრიტიკულები არიან ყველაფრისადმი, ნებისმიერი ინსტიტუტისადმი და მათი დიდი ნაწილი ასევე არის კრიტიკული იმ საკითხებზე, რაც ხდება ამა თუ იმ ეკლესიაში. ეს ნორმალურია. მათ ინდივიდუალური როლი აქვთ, ისინი მოგზაურობენ. მე ასეთი სისტემა მქონდა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 2 500 ამერიკელი მასწავლებელი ჩამომყავდა საქართველოს სკოლებისთვის, რათა მოსწავლეებისთვის ინგლისური ესწავლებინათ, ეს პროგრამა ჩემმა მემკვიდრეებმა მოკლეს. თუმცა, რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა პატარა ქართულ სოფელს ამერიკელი მასწავლებელი ჰყავდა, შესაბამისად, ბავშვები ძალიან გლობალურად უყურებდნენ ყველაფერს. ისინი საუბრობენ ინგლისურად, იყენებენ ინტერნეტს, ნახულობენ მსოფლიოს, შეუძლიათ შედარება. 

ადამიანები უფრო კრიტიკულები გახდნენ ყველაფრის მიმართ. მე ძალიან მადლიერი ვარ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ როლზე, საქართველო ერთერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა, ეს უზარმაზარი იდენტობაა, მაგრამ ეს ვინმეს აზროვნებაზე ძალადობისა და თავს მოხვევის საფუძველი ვერ იქნება, რადგან ეს არ გამოვა თანამედროვე მსოფლიოში, რომლის ნაწილიც გვინდა, რომ ვიყოთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

2019 წლის სექტემბერში სააკაშვილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავის რელიგიურ შეხედულებებს თავს არავის ახვევს, პირდაპირ ეთერში პოლიტიკური ოპონენტის, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, დისკრედიტაცია სწორედ რელიგიური ნიშნით სცადა

სააკაშვილმა თქვა, რომ მას ბოკერიასთან ფუნდამენტური ღირებულებები აშორებს, რადგან თვითონ მართლმადიდებელი ქრისტიანია და ჯვარიც უკეთია, ბოკერიამ და "ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან". 

იმავე წლის ნოემბერში სააკაშვილი ასევე ამბობდა, რომ მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ "რწმენა განმტკიცებულიყო და ჩვენი ტრადიციული ფასეულობები გაძლიერებულიყო". 

ასევე სააკაშვილის თქმით, "საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს". ექსპრეზიდენტისვე თქმით, საქართველოში ეკლესია განსაკუთრებით მისი მმართველობის დროს გაძლიერდა, რითიც ამაყობს. 

კომენტარები