აშშ - რუსეთი - ჩინეთი

აშშ და რუსეთი ივნისში ბირთვული შეიარაღების მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი ბირთვული შეიარაღების კონტროლის მოლაპარაკებების გამართვის ადგილსა და დროზე შეთანხმდნენ. ამას გარდა, მოლაპარაკებებზე ჩინეთიც არის დაპატიჟებული.

ამის შესახებ ინფორმაციას შეიარაღების კონტროლზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, მარშალ ბილინგსლეა, თავის Twitter-ის გვერდზე წერს:

"დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რიაბკოვთან, ივნისში ბირთვული შეიარაღების მოლაპარაკებების დროსა და ადგილზე შევთანხმდით. ჩინეთიც დაპატიჟებულია. აჩვენებს ჩინეთი კეთილსინდისიერებას და გულწრფელად მოილაპარაკებს?"

7 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს, კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის სურვილი, რომ შეიარაღების ახალი შეთანხმება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც მოიცავდეს.

თავდაპირველად ტრამპი 2019 წელს გამოვიდა შეთავაზებით, რომ აშშ-მა, რუსეთმა და ჩინეთმა ახალი შეთანხმება დადონ, რაც 2011 წლის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს ჩაანაცვლებს. ჩინეთმა, რომლის არსენალიც 300 ბირთულ იარაღს მოიცავს, რაც აშშ-სა და რუსეთზე ნაკლებია, უკვე უარყო ეს შეთავაზება.

ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთი უნდა ჩაერთოს შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაში, რადგან მისი ბირთული არსენალი, რომელიც მოდერნიზაციის პროგრამას ახლა გადის, მზარდი საფრთხეა.

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს (START) აშშ-მა და რუსეთმა 2011 წელს მოაწერეს ხელი. პაქტს, რომელიც სტრატეგიულ ბირთვული რაკეტების სატყორცნ დანადგარებს აკონტროლებს, 2021 წლის თებერვალში ვადა ეწურება. მოსკოვი შეთანხმების გაგრძელებაზე თანახმაა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი (New Start) უნდა მოიცავდეს "ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყლისქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით, სახელად პოსეიდონი, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება".

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 17 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ შეიარაღების კონტროლზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებები რუსეთთან ერთად ჩინეთსაც უნდა მოიცავდეს.

გასული წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. აშშ-მა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც, ხოლო პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

"აშშ-მა აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან ნატოს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით, მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს," - განაცხადა პომპეომ.

კომენტარები