საქართველოს პირველმა არხმა თავისი ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 46 755 039 ლარია.
შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ საზოგადოებრივ მაუწყებელს 2017 წელს გადასცა ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
იმავე წელს პირველი არხის მენეჯმენტმა შენობის დიზაინის კონკურსი გამოაცხადა და გამარჯვებული ფეისბუქ გამოკითხვით გამოვლინდა. კენშისყრაში შპს თბილქალაქპროექტმა გაიმარჯვა.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა ავარიულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
"საქართველოს პირველი არხი ააშენებს ბევრად უფრო ოპტიმალურ, თანამედროვე სიტუაციაზე მორგებულ შენობას, რომლის ექსპლუატაციაც იქნება იაფი", - აცხადებს პირველი არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე.
პირველი არხი ახალი შენობის პროექტის სურათებსაც ავრცელებს: