გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი გადადგომაზე: UNICEF-ის კვლევის მიზეზად მოტანა მგონია, რომ მთლად სერიოზული არაა

პრემიერმინისტრი

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, ამის შესახებ მან ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან აქვს და მხოლოდ მეგობრული შეხვედრებით შემოიფარგლება. 

"მგონია, რომ ეს დამოუკიდებელი მესამე მიმართულება ძალიან კარგია ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი აზრი და ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და ვინც არ არის პოლუსის ნაწილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის", - ამბობს ყოფილი პრემიერი.

კვირიკაშვილი ინტერვიუში აღიარებს, რომ პოსტიდან მისი წასვლის მიზეზი UNICEF-ის კვლევა არ ყოფილა. 

"მე როცა ვიყავი პრემიერი საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა, მისგან [ბიძინა ივანიშვილისგან] მოცემული, რაღაც პერიოდში და მერე მას აღარ მოეწონა რაღაცები და ჩაერია ძალიან აქტიურად და დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე დაიქცა ქვეყანა და მერე გამოსწორდა ყველაფერი, მაგრამ მე მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ეს ადამიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს საქმე. უნისეფის კვლევის მიზეზად მოტანა მგონია, რომ მთლად სერიოზული არ არის", - ამბობს კვირიკაშვილი. 

ყოფილი პრემიერის აზრით, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შეიქმნება კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრებისა და იდეების ჭიდილი იქნება.

"ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი და ასეთ შემთხვევაშიც მე მგონია, რომ უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის", - ამბობს ის. 

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 2018 წლის 13 ივნისს გადადგა. 

ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში ოფიციალურად მობრუნების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე 2018 წლის 11 მაისს გახდა, მანამდე ის ამბობდა, რომ სამოქალაქო სექტორის წევრია.

მაშინ მმართველი პარტიის წევრებმაც და თავად ბიძინა ივანიშვილმაც კვირიკაშვილთან უთანხმოების მიზეზად UNICEF-ის კვლევა დაასახელეს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას ეხებოდა. 

კომენტარები