ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში აქციების დაწყებიდან 1 წლის თავზე გამართულ დემონსტრაციაზე 53 ადამიანი დააკავეს

Reuters

ჰონგ-კონგში აქციების დაწყებიდან 1 წლის თავზე გამართულ დემონსტრაციაზე 53 ადამიანი დააკავეს.

ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციის მონაწილეთა დაკავების მიზეზად უკანონო შეკრებაში მონაწილეობა დასახელდა.

კორონავირუსის გამო ჰონგ-კონგში 8 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, კვლავ იგეგმება დემოკრატიის მოთხოვნით აქციები.

9 ივნისს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგში ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება. 2019 წლის 9 ივნისს ჰონგ-კონგის ქუჩებში დაახლოებით მილიონი მოქალაქე ჰონგ-კონგიდან კომუნისტურ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

გასული წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში აქციებზე 11-დან 84 წლამდე დაახლოებით 9 000 ადამიანი დააკავეს. აქედან 600-ზე მეტ პირს არეულობის მოწყობის გამო ბრალი წარუდგინეს.

ექსტრადიციის კანონპროექტი 5-თვიანი პროტესტის შემდეგ, რომელსაც პოლიცია ხშირად ძალადობრივად შლიდა, გაიწვიეს, მაგრამ აქციები ამით არ დასრულებულა. მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, აქციებზე პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტას, კერი ლამის გადადგომას და ზოგადად, მეტ თავისუფლებას და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 მაისში ჩინეთმა განიზრახა, რომ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონები მიიღოს, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიის ფაქტობრივ დასრულებას ნიშნავს.

ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტქების გამო, მომავალ დღეებში კიდევ არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

კომენტარები