ეკონომიკა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო წელს გაზის ბაზრის ისტორიულ ვარდნას პროგნოზირებს

REUTERS

2020 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ბაზრების მოთხოვნის მიმართ უმძიმესი შოკია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა გვაწვდის. 

"ბუნებრივ აირზე ისედაც შემცირებულ მოთხოვნას Covid-19-ის პანდემიამ დამატებითი დარტყმა მიაყენა", — ნათქვამია სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაში. ორგანიზაციის ვარაუდით, მიმდინარე წელს მსოფლიოში გაზის მოხმარება 4%-ით შემცირდება, რაც ბაზრის ისტორიაში ყველაზე დიდი კლებაა. 

სააგენტოს ცნობით, მსგავსი ვარდნა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, შედარებით თბილი ზამთრითა და ასევე, პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში შემცირებული ეკონომიკური აქტივობით. 

განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ბუნებრივი აირის მოხმარება ჯამურად 150 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდება. "შოკის პირობებში ბუნებრივი აირის ბაზრებზე მნიშვნელოვანი კორექტივები მიმდინარეობს, რაც უპრეცედენტოდ დაბალ ფასსა და მაღალ მერყეობას განაპირობებს", — ნათქვამია დასკვნაში. 

ორგანიზაციის პროგნოზით, ამ პროცესის შედეგად ყველაზე მეტად ევროპის ბაზარი დაზარლდება. ჯერ კიდევ მაისის ბოლო კვირაში რამდენიმე ანალიტიკური ორგანიზაცია საუბრობდა, რომ გაზის ბაზარზე შესაძლოა, ნავთობის ბაზარზე  განვითარებული სცენარი განმეორდეს.

კერძოდ, ანალიტიკოსების ვარაუდით, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია, ბუნებრივ აირზე უარყოფითი ფასები დაფიქსირდეს. როგორც ამერიკული წარმოების WTI-ის მარკის ნავთობის შემთხვევაში, ბუნებრივი აირზეც შესაძლოა გამყიდველებს მოუწიოთ გარკვეული დამატებითი თანხის გადახდა იმ მყიდველებისთვის, რომლებიც პროდუქციის შენახვას საკუთარ თავზე აიღებენ. 

ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთისთვის, რადგანაც გაზპრომის საექსპორტო პორტფელის 57% სწორედ ევროპაზე მოდის. 23 აპრილს ევროპული გაზის ჰაბებზე გამართული ვაჭრობის შედეგად გაზპრომისთვის რუსეთის ბუნებრივი აირის შიდა ბაზარზე გაყიდვა უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე ექსპორტი. 

გაზპრომის წლიურ ბიუჯეტში 1,000 კუბური მეტრი გაზის ფასი წლის განმავლობაში საშუალოდ 200 დოლარზე იყო გათვლილი, თუმცა, მოგვიანებით დოკუმენტი დაკორექტირდა და ფასი 175 დოლარამდე დაეცა. 

მიუხედავად ამისა, ბაზრის ანალიტიკოსები რუსულ გაზზე ფასის შემდგომ კლებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, წლის განმავლობაში რუსული გაზის საშუალო ფასი 130 დოლარი იქნება.

კომენტარები