სახის ამომცნობი ტექნოლოგიები

Amazon-მა აშშ-ის პოლიციას სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება 1 წლით აუკრძალა

Getty Images

კომპანია Amazon-მა მათ მიერ შექმნილი, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება აშშ-ის პოლიციას 1 წლით აუკრძალა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უფლებადამცველები ალაპარაკდნენ შესაძლო რასობრივ დისკრიმინაციაზე პოლიციის მხრიდან სათვალთვალო ტექნოლოგიის გამოყენებისას.

Amazon-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი წლით სამართალდამცველთათვის ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვა ამერიკელ კანონმდებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ რეგულაციები, რომლებიც ტექნოლოგიის გამოყენების წესებს განსაზღვრავს.

"ჩვენ ვემხრობით, რომ მთავრობამ მიიღოს მკაცრი რეგულაციები და უზრუნველყოს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის ეთიკურად გამოყენება. უკანასკნელ დღეებში გამოჩნდა, რომ კონგრესი მზადაა ცვლილებებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს ერთწლიანი მორატორიუმი კონგრესს საკმარის დროს მისცემს შემოიღოს შესაფერისი წესები და მზად ვართ მათ ამაში დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში", - ნათქვამია განცხადებაში.

აკრძალვა არ შეეხება იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ტეფიკინგის წინააღმდეგ მუშაობენ.

სახის ამომცნობი სხვა ტექნოლოგიების მსგავსად Amazon-ის Rekognition-ი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ადარებს პოლიციის მიერ გადაღებულ ფოტოებს მათ ბაზაში უკვე არსებულ ასობით ათას ფოტოს. არსებობს კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ტექნოლოგია უფრო ხშირად უშვებს შეცდომას ეთნიკური უმცირესობების სახის ამოცნობისას, ვიდრე თეთრკანიანთა შემთხვევაში.

კომენტარები