ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე COVID 19-ის ახალ შემთხვევებზე: შეიძლება ითქვას, რომ ესაა მეორე ტალღა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეს კოვიდინფექციის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა შეიძლება ვირუსის გავრცელების მეორე ტალღად შეფასდეს.

იმნაძის ცნობით, 5 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო უცნობია. - "ხუთი ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ხუთივე თბილისში. სამწუხაროდ, ამ ხუთიდან ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტია გამოკვლეული, ზოგი კარანტინშია, ზოგი თვითიზოლაციაში. ერთის შემთხვევაში, ალბათ, დავადგენთ წყაროს, მაგრამ დანარჩენ 4 შემთხვევაში გაურკვეველია, მივაკვლევთ თუ არა ინფიცირების წყაროს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ პატარა მეორე ტალღა, რომელსაც, იმედი გვაქვს, რომ სწრაფი ზემოქმედებით, ყველაფრის გამოკვლევით, გავაჩერებთ" , - ამბობს პაატა იმნაძე ფორმულასთან საუბარში.

დღეის, 11 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები