არჩევნები 2020

ბოკერია: ჩვენი და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის მაღალჩინოსნის, მიხეილ საკააშვილის, განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებზე "ადგილების გაყოფის დრო არ არის" და წინა ხაზზე თვითონ იქნება. 

"ევროპული საქართველოს და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება და ნაციონალური მოძრაობა მის პარტიაში თუ თვლის მათთვის სასარგებლოდ სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას, ეს მათ უნდა ჰკითხოთ", - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ევროპული საქართველოსთვის ეს საკითხი არ არსებობს და პარტიისა თუ სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაში სააკაშვილი ვერაფრით ჩაერევა. 

კითხვაზე, დააზიანებს, თუ არა მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადებები ოპოზიციურ სპექტრს, ბოკერია პასუხობს, რომ "ვერავინ დააზიანებს, თუკი რომელიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა არ გადაწყვეტს, რომ დააზიანოს" პროცესი. 

"ვინც ამას გადაწყვეტს, ის გადაიხდის ძალიან დიდ ფასს საზოგადოების თვალში იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მშვიდობიან არჩევნებში არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა და რაიმე სახის მოტივაციის, ან სიბრიყვის, ან პოლიტიკური ეგოიზმის ფასს ის გადაიხდის ", - თქვა ბოკერიამ. 

11 ივნისს საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა  გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების მიერ საერთო კანდიდატების დაყენების კონტექსტში თქვა, რომ "ახლა ადგილების გაყოფის დრო არ არის". სააკაშვილის თქმით, "წინა ხაზზე" თავად იდგება. 

კომენტარები