სლოვაკეთი

სლოვაკეთის სკოლაში თავდასხმას სკოლის თანამშრომელი ემსხვერპლა, პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა

ABC news

სლოვაკეთის პოლიციამ განაცხადა, რომ მოკლულია 22 წლის მამაკაცი, რომელიც 11 ივნისს ქალაქ ვრუტკის სკოლაში თანამშრომლებსა და მოსწავლეებს დანით დაესხა თავს. თავდასხმას სკოლის ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი არასრულწლოვანი და ორი ზრდასრული.

თავდამსხმელმა სკოლა დატოვა და პოლიციასთან შეეწინააღმდეგებისას პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.

სლოვაკეთის პოლიციის პრეზიდენტის, მილან ლუკანსკის თქმით, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

"მან სკოლის შუშის კარი შეამსხვრია და შიგ შეიჭრა. შემდეგ ზოგიერთმა თანამშრომელმა მისი შეჩერება სცადა, მან კი დანა გამოიყენა," - აღნიშნა ლუკინსკიმ.

ვრუტკი ბრატისლავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 

მას შემდეგ, რაც სლოვაკეთში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების შემსუბუქება დაიწყო, ქვეყანაში დაწყებითი სკოლები 1 ივნისს გაიხსნა.

კომენტარები