საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის, განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს უსმენს. ელჩმა სანიკიძის განცხადებას აბსურდი უწოდა.
"ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია", – თქვა დეგნანმა. მისი კომენტარის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
10 ივნისს გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ისმენს.
დეგნანის კომენტარის შემდეგ სანიკიძემ აშშ-ის ელჩს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მოსაზრება არასწორად ჩამოაყალიბა.