ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

კაპანაძე: ღარიბაშვილისთვის კითხვების დასმას არ ვაპირებთ, პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარლამენტში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის, კითხვების დასმას არ აპირებენ და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებამდე პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ. 

"ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი. იმკვიდრებს სახელს თავისი სიბნელით, თავისი არაკომპეტენტურობით. რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია - ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით, როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში, მათ შორის, ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა - ვიცით მისი ქონებისა და საათების შესახებ. 

ამ პირობებში მისთვის რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება მანამ, სანამ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება. მას შემდეგ, რაც ის შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, შემდეგ შეგვეძლება, რომ განვაახლოთ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში", - თქვა კაპანაძემ. 

დღეს, 12 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. 9 ივნისს ღარიბაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს არ უპასუხებს, "მათ მიმართ ვალდებულება არ მაქვს."

კომენტარები