კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 9 ახალი შემთხვევიდან 1-ის წყარო დაუდგენელია, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედიცინის დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ინფორმაციით, დადასტურებული ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. 

მისი თქმით, მათგან სამი სამედიცინო პერსონალიდანაა, სამი - საკარანტინო ზონიდან შემოტანილი, ანუ იმპორტირებული, ორი კი - უკვე დადასტურებულთან არსებული კონტაქტი. 

"დაუდგენელი წყარო მკურნალობს თბილისში. გუშინ იყო ოთხი ასეთი შემთხვევა და ერთი დაგვემატა.მიმდინარეობს ყველა მათი კონტაქტის მოძიება და გამოკვლევა. საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევა, საბოლოო ჯამში, ყველგან კარგად დასრულდა და წყარო მოძიებულ იქნა. იმედი მაქვს, ამ შემთხვევების პირველწყაროც იქნება მოძიებული", - ამბობს ეზუგბაია. 

რაც შეეხება, ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კლინიკაში Covid-19-ით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. მათგან ორი მძიმე პაციენტია, პნევმონიით. 

"მძიმე პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილური არ არის. დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება ძალიან მძიმედ და სწრაფად და მკურნალობას დაექვემდებარება ", - ამბობს ეზუგბაია. 

12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 697 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 127 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები