მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

Apple-ის და Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1,5 ტრილიონს გადააჭარბა

Apple-ის მაღაზია ნიუ იორკში
wallpaperfo.com

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, Apple და Microsoft გახდნენ პირველი კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციამ 1,5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

წინა დღეებში NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად, Apple-ის აქციის ფასმა 352 დოლარი შეადგინა, ხოლო Microsoft-ის ერთი აქციის ფასი 196 დოლარს გაუტოლდა. პარალელურად გაიზარდა სხვა ტექნოლოგიური კომპანიების კაპიტალიზაციაც - Amazon-ის საბაზრო მოცულობამ სავაჭრო დღის ბოლოს 1,3 ტრლიონი დოლარი შეადგინა, ხოლო Alphabet-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. 

ოთხი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი საფონდო ბირჟების საერთო შემცირების ფონზე მიმდინარეობს. ფინანსურ ბაზრებზე კლება ამერიკის ფედერალური რეზერვის ანგარიშით და მიმდინარე პროტესტებითაა გამოწვეული. 

ბოლო თვეებში, კორონავირუსული პანდემიის ფონზე, მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ინვესტორები შედარებით უსაფრთხო დაბანდებად და თანხის შესანახ კარგ საშუალებად მიიჩნევენ.

Amazon-ის ზრდას ხელი შეუწყო ჩვეულებრივი მაღაზიებისა და ვაჭრობის შეჩერებამ, რის ფონზეც ონლაინ ვაჭრობის მოცულობა რეკორდულად გაიზარდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასაყვანად კი Microsoft-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები გახდა საჭირო, ხოლო Apple-ის აქციების ფასის ზრდა მომავალ თვეებში 5G-ის კავშირის მხარდაჭერით აღჭურვილ პირველი iPhone-ის დაგეგმილ წარდგენას უკავშირდება.

კომენტარები