აშშ

ტრამპმა ICC-ს ავღანეთის გამოძიებაში მონაწილეთათვის სანქციების დაწესებაზე ნებართვა გასცა

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისათვის ეკონომიკური და სამოგზაურო სანქციების დაწესებაზე, რომლებიც ავღანეთში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებაში არიან ჩართული.

ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სასამართლო აშშ-ის სუვერენიტეტს არღვევს. მათ მიაჩნიათ, რომ გამოძიებით მანიპულაციას რუსეთი ცდილობს.

"ჩვენ არ შეგვიძლია და არ გავდგებით გვერდზე, როდესაც ჩვენს ხალხს კენგურუს სასამართლო ემუქრება. მე მაქვს გზავნილი მსოფლიოში ჩვენი ბევრი ახლო მოკავშირისათვის. თქვენი ხალხი შესაძლოა შემდეგი იყო, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნებისა, რომლებიც ავღანეთში ჩვენს მხარდამხარ ტერორიზმს ებრძვიან", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სასამართლოს საქმიანობაში და სამართლის აღსრულებაში ჩარევად შეაფასეს.

სანქციები შესაძლოა მოიცავდეს აშშ-ში ანგარიშების გაყინვას მათთვის, ვინც გამოძიებაში მონაწილეობს. ასევე შესაძლოა, მათ და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში მოგზაურობა აეკრძალოთ.

მიმდინარე წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ავღანეთის კონფლიქტში ომის დანაშაულების თაობაზე გამოძიების დაწყების შესახებ. სასამართლომ შეცვალა წინა გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე პალატამ უარი თქვა ავღანეთში კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე. მაშინ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება სამართლის ინტერესებს არ ემსახურებოდა.

მოსალოდნელია, რომ სასამართლო განიხილავს 2003 წლის მაისიდან ავღანეთში მთავრობის, თალიბანის და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმომწერი არ არის და არ აღიარებს მის უფლებამოსილებას ამერიკის მოქალაქეებზე. ავღანეთი სასამართლოს წევრია.

2003 წლის პირველი მაისის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიების დაწყება პროკურორმა 2017 წლის 20 ნოემბერს მოითხოვა. გამოძიება ასევე შეისწავლიდა 2002 წლის პირველი ივლისიდან მომხდარ დანაშაულებს.

გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებდა, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა.

აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო(ICC) არაერთხელ გააფრთხილა შეეწყვიტა აღნიშნული გამოძიება. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ მკაცრ სანქციებს აამოქმედებდა. მაგალითად, აკრძალავდა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას, გაყინავდა ანგარიშებს და სხვ.

კომენტარები