კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსი - რესტორნებში, ტრანსპორტსა და სხვა თავშეყრის ადგილებში კონტროლი გამკაცრდება

ტაბულა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო "ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს". საბჭოს შეფასებით, იმის გამო, რომ ხუთი ინფიცირებულის შემთხვევაში წყარო დაუდგენელია, მნიშვნელოვნად გაიზარდა რისკები და საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. 

"საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში შესვლისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი, ვინც ასეთ პირს ნიღბის გარეშე შენობაში შეუშვებს - 500 ლარით.

გარდა ამისა, თუ ქელეხს, ქორწილს, დაბადების დღეს ან ხალხმრავალ წვეულებას (10 კაცზე მეტი) გადაიხდით, 2000 ლარით დაჯარიმდებით, ხოლო რესტორანი/დაწესებულება, სადაც ეს ღონისძიება გაიმართება - 10 000 ლარით დაჯარიმდება.

12 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 837 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 697 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 - გარდაიცვალა.

კომენტარები