ჩინეთი

ჩინეთი Twitter-ს: წაშალეთ ანგარიშები, რომლებიც ჩინეთს ჩირქს სცხებს

ჩინეთმა Twitter-ს მოუწოდა, რომ, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა სურთ, ის ანგარიშები უნდა წაშალონ, რომლებიც ჩინეთს ჩირქს სცხებს.

კომუნისტური ჩინეთი ირწმუნება, რომ დეზინფორმაციის უდიდესი მსხვერპლი თავადაა.

ეს განცხადება პეკინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Twitter-მა 170 000-მდე ანგარიში წაშალა, რომელთა მეშვეობითაც ჩინეთის მთავრობა ჰონგ-კონგსა და აშშ-ში მიმდინარე აქციების და კორონავირუსის შესახებ კამპანიას აწარმოებდა.

სოციალური ქსელი Twitter კონტინენტურ ჩინეთში დაბლოკილია. 

ჩინეთის მთავრობის ეს კამპანია კონტინენტური ჩინეთის გარეთ მცხოვრებ ჩინურად მოლაპარაკე აუდიტორიაზე იყო გათვლილი. მიზანი იყო გავლენის მოხდენა ისეთი თემების აღქმაზე, როგორიცაა ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული მოძრაობა, ქვეყნიდან გაძევებული ჩინელი მილიარდერი გუო ვენგუი, ტაივანი და კორონავირუსი.

ანგარიშები ავრცელებდნენ გზავნილებს, რომ ჰონგ-კონგში მომიტინგეები ძალადობდნენ, აშშ საპროტესტო აქციებში ერეოდა, ჩინეთი კი კორონავირუსს კარგად გაუმკლავდა. უკანასკნელ პერიოდში ფოკუსი აშშ-ში მიმდინარე აქციებზე გადავიდა. ანგარიშები იმეორებდნენ ჩინეთის მთავრობის მესიჯს, რომ აშშ საკუთარ ქვეყანაში იყენებს ძალას აქციების დასაშლელად, შემდეგ კი ჰონგ-კონგში მომიტინგეებს უჭერს მხარს.

კომენტარები