დიდი ბრიტანეთი

ლონდონში, აქციების წინ, ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს

Reuters

ლონდონში დაგეგმილი აქციების წინ პარლამენტის შენობასთან მდგარ უინსტონ ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს.

მიმდინარე კვირას გამართული აქციებისას ჩერჩილის ქანდაკებას გაუკეთეს წარწერა - "ის რასისტი იყო" და დაამაგრეს ბანერი წარწერით "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია".

პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მომხდარს სამარცხვინო ფაქტი უწოდა:

"პარლამენტის მოედანზე მდგარი უინსტონ ჩერჩილის ძეგლი მუდმივად გვახსენებს მის მიღწევებს ამ ქვეყნის და დანარჩენი ევროპის გადარჩენაში ფაშისტური და რასისტული ტირანიისგან.

აბსურდული და სამარცხვინოა, რომ ეს ეროვნული მონუმენტი ახლა აგრესიული მომიტინგეების თავდასხმის საფრთხის წინაშეა. დიახ, ის ხანდახან გამოთქვამდა მოსაზრებას, რომელიც დღეს ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ის გმირი იყო და ამ მემორიალს იმსახურებს.

ჩვენ ვერ შევცვლით და დავაცენზურებთ ჩვენს ისტორიას. ვერ მოვაჩვენებთ თავს, თითქოს განსხვავებული ისტორია გვქვს. ჩვენს ქალაქებში მდგარი ქანდაკებები ჩვენმა წინა თაობებმა აღმართეს.

მათ განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, განსხვავებული გაგება სწორის და არასწორის. მაგრამ ეს ძეგლები გვასწავლის ჩვენს წარულს ყველა თავისი ნაკლით. მათი დანგრევა ისტორიის გაყალბება იქნება და მომავლ თაობებს განათლების საშუალებას წაართმევს", - დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

აქციების დროს დიდ ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი. ოქსფორდის უნივერსიტეტში კი სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. ქანდაკებების აღების მოთხოვნით გამოდიან აშშ-შიც. 

აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში აშშ-ის სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერლის, რობერტ ლის ძეგლის მოხსნას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

კომენტარები