გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მარტთან შედარებით, აპრილში 20,4%-ით შემცირდა. კიდევ უფრო დიდი იყო კლება წლიურ გამოსახვაში. წინა წლის აპრილთან შედარებით მშპ 24,5%-ით შემცირდა. ეს 1997 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი ყოველთვიური მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში ინდუსტრიული წარმოება 20,3%-ით დაეცა, რაც საწარმოების შეჩერებით იყო გამოწვეული. ჯამურად 19%-ით შემცირდა სერვისების სექტორიც, რომელზეც ჯამურად მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით, 80% მოდის.
გაერთიანებული სამეფო ერთერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელიც მშპ-ს ზრდის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად აქვეყნებს. კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ მიღებულმა ზომებმა ბოლო ასი წლის მანძილზე ყველაზე მძაფრი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
10 ივნისს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ [OECD] გლობალური ეკონომიკური ზრდის შესახებ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განხილულია პანდემიის განვითარების ორი სცენარი. საბაზისო სცენარში Covid-19-ის პანდემიის შეჩერება პირველი ტალღის შემდეგ მოხერხდება. მეორე სცენარი კი იმ დაშვებით არის შედგენილი, რომ მომდევნო თვეებში მსოფლიოს პანდემიის კიდევ ერთი ტალღის გადატანა მოუწევს.
ორგანიზაციის პროგნოზით, პირველ შემთხვევაში გლობალური მშპ 6%-ით შემცირდება, ხოლო მეორე ტალღის შემთხვევაში ვარდნა 7,6%-ს გაუტოლდება.
უნდა ითქვას, რომ OECD-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი ჯერჯერობით ყველაზე პესიმისტურია. შედარებისთვის, აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობდა, რომ გლობალური მშპ 3%-ით შემცირდებოდა. ფონდი პროგნოზს რამდენიმე დღეში განაახლებს.
რაც შეეხება OECD-ის კვლევას, დოკუმენტის მიხედვით, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებიდან წელს უკლებლივ ყველა მძიმე ეკონომიკური რეცესიის ფაზაში შევა. ორგანიზაციის პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა წელს შესაძლოა 9,1%-დან 11,5%-მდე შემცირდეს, ხოლო უშუალოდ OECD-ის წევრი სახელმწიფოებისა კი – 7,5%-დან 9,3%-მდე.
ცალკეული ქვეყნების მიხედვით პროგნოზი შემდეგნაირად გამოიყურება:
- აშშ — კლება - 7,3% - 8,5%;
- ჩინეთი — კლება - 2,6% - 3,7;
- იაპონია — კლება - 6% - 7%;
- გაერთიანებული სამეფო — კლება -11,5% - 14%;
- გერმანია — კლება - 6,6% - 8,8%;
- ინდოეთი — კლება - 3,7% - 7,3%;
- კანადა — კლება - 8% - 9,4%;
- ესპანეთი — კლება 11,1% - 14,4%;
- საფრანგეთი — კლება — 11,4% - 14,4%;
- იტალია — კლება — 11,3% - 14%;
ამასთანავე, ორგანიზაციაში ვარაუდობენ გლობალური უმუშევრობის მატებასა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. მოსალოდნელია, რომ OECD-ის წევრ სახელმწიფოებში უმუშევრობის მაჩვენებელი ჯამურად 10%-ს მიაღწევს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ბოლო 5 წლის განმავლობაში შემოსავლის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი სრულიად დაიკარგება.