კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი, 68 წლის კაცი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.   

როგორც ტაბულას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა უთხრა, გარდაცვლილი 68 წლის კაცია, ის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდან იყო. რატიანის ინფორმაციით, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს შეიყვანეს.

"დადასტურებული ჰქონდა კოვიდი, ჰქონდა ორმრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანიდანვე იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, გემოდინამიკის რღვევით". – თქვა რატიანმა. 

განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. განცხადების მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი სებ-ის თანამშრომელი იყო. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 851 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 702 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

კომენტარები