არჩევნები 2020

გიორგი კანდელაკი: არჩევნების გადადებაზე საუბრის ობიექტური საფუძველი არ არსებობს

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, არჩევნების გადადებაზე საუბრის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

კანდელაკი ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ თუ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვევა, არჩევნები "ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში."

გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ, რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება. 

"საზოგადოების კონსესუსი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროდასავლური ძალების კოალიციური მთავრობით, სადაც ხელისუფლება გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს კონსესუსი იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს ქართული ოცნება განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად",- ამბობს გიორგი კანდელაკი. 

13 ივნისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60" დღეში ჩატარდება. მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს."

კომენტარები