არჩევნები 2020

ვაშაძე არჩევნების გადავადებაზე: ბინძური თამაშია, როცა პოლიტ. ძალა ჯანმრთელობით სპეკულირებს

"როდესაც ჯანმრთელობით სპეკულირებს პოლიტიკური ძალა ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში", - ასე ეხმაურება ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადავადებას.

ვაშაძის განმარტებით, საქართველოში არსებული დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ იძლევა საბაბს, რომ საპარლამენტო არჩევნები, ნაცვლად ოქტობრისა, როგორც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, ჩატარდეს "პირობითად დეკემბერში".

"რაც ყველაზე მთავარია, თავად გახარია გამოვიდა და სამი თვის შემდეგ იძახის, რომ ყველგან უნდა გვქონდეს მასობრივი ტესტირების მექანიზმიო. მე როგორც ვხედავ, ამ პროცესის გაჭიანურება სპეციალურად ხდება რათა მათ ჰქონდეთ გეგმა "ბ". თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, ისინი შეეცდებიან, არჩევნები გადაიტანონ დეკემბრის ბოლოსთვის. პირდაპირ ვამბობ, ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის თამაში ადამიანების ნერვებზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს", - ამბობს ვაშაძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საუბრები, პოლიტიკური სპეკულაციაა. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება.

13 ივნისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი ჩატარდება "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60" დღისა . მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს."

კომენტარები