დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში მაჰათმა განდის ძეგლის აღებას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში მაჰათმა განდის ძეგლის აღებას ითხოვენ. პეტიციას 5 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მისი ავტორები განდის რასისტს, ფაშისტს და სექსუალურ მოძალადეს უწოდებენ.

მსგავსი მოთხოვნით გასულ წელს ქალაქ მანჩესტერშიც გამოვიდნენ, სადაც ასევე დგას განდის ქანდაკება. ის შავკანიანთა მიმართ რასიზმში დაადანაშაულეს.

ბრიტანეთის პარლამენტში ლესტერის წარმომადგენელს, ლეიბორისტული პარტიის წევრს, კლაუდია ვებს მიაჩნია, რომ ამით ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან. მისი თქმით, განდიმ ისეთივე მოძრაობა შექმნა, როგორიც მარტინ ლუთერ კინგმა და ის ცვლილებების მამოძრავებელი ძალა გახდა, ამიტომ ფერადკანიან მოსახლეობაში მისი ძეგლის აღების სურვილი არ არსებობს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ინდოეთის ისტორიის პროფესორს, ფაისალ დევჯის მიაჩნია, რომ აქ ლესტერში მცხოვრები გუჯარათიდან თავშესაფრის საძიებლად ჩასული ადამიანების თემი ცხოვრობს, განდის ძეგლის აღების მოთხოვნას კი აბსურდული უწოდა.

2014 წელს განდის ძეგლს წარწერა გაუკეთეს: "ჩვენ გვსურს სამართალი ოქროს ტაძარზე 1984 წლის თავდასხმისათვის". 1984 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ ინდირა განდის მეთაურობით პუნჯაბში სიქების ტაძარ ჰარმანდირ საჰიბზე ოპერაცია განახორციელა მათი ლიდერის დასაკავებლად. ამ ოპერაციის დროს 493 ადამიანი დაიღუპა. 5 თვის შემდეგ ინდირა განდი ორმა სიქმა მცველმა მოკლა.

რაც შეეხება მაჰათმა განდის რასიზმში დადანაშაულებას, მისმა შვილიშვილმა და ბიოგრაფიის ავტორმა რაჯმოჰან განდიმ წარსულში აღიარა, რომ მაჰათმა განდის სამხეთ აფრიკაში მცხოვრები შავკანიანების მიმართ წინასწარგანწყობა ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, მათ მიმართ პერიოდულად სიმპათიასაც გამოხატავდა.

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, ქვეყანაში მდგარი არაერთი ძეგლის აღება მოითხოვეს.

ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი. ოქსფორდის უნივერსიტეტში კი სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. პარლამენტის მოედანზე მდგარი ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს, რადგან აქციის მოანაწილეებმა მას დააწერეს: "ის რასისტი იყო".

კომენტარები