საფრანგეთი

მაკრონი: რესპუბლიკა საკუთარი ისტორიიდან არცერთ სახელს არ ამოშლის, ქანდაკებებს არ აიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციები ისტორიის სიძულვილით გადაწერაში არ უნდა გადაიზარდოს.  საფრანგეთში ძეგლების აღებას არ აპირებენ:

"მინდა, ნათლად ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს: რესპუბლიკა საკუთარი ისტორიიდან არცერთ სახელს არ ამოშლის. ის ხელოვნების არცერთ ნიმუშს არ დაივიწყებს და ქანდაკებებს არ აიღებს". – თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში.

ძეგლების აღების მოთხოვნით გამოვიდა მომიტინგეთა ნაწილი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში. დემონსტრანტთა ნაწილმა დააზიანა და ჩამოაგდო ზოგიერთი ძეგლი.

დიდი ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი. ოქსფორდის უნივერსიტეტში კი სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. პარლამენტის მოედანზე მდგარი ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს, რადგან აქციის მონაწილეებმა მას დააწერეს: "ის რასისტი იყო". ქალაქ ლესტერში მაჰათმა განდის ძეგლის აღებას ითხოვენ.

აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მოითხოვდნენ რობერტ ლის ძეგლის მოხსნას, რომელიც სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერალი იყო, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

კომენტარები